თბილისის ზოოპარკში ერევნიდან სპილო ჩამოვიდა
13/06/2014
თბილისის ზოოპარკს ახალი ბინადარი – მამრი აზიური სპილო, სახელად გრანდი შეემატა. 18 წლის გრანდი ერევნის ზოოპარკიდან გუშინ, 12 ივნისს, გამთენიისას ჩამოვიდა. მის ნაცვლად სომხეთში თბილისის ზოოპარკის ბინადარი მამრი სპილო, ბუნკა გაემგზავრება. 

თბილისის ზოოპარკში აქამდე 2 სპილო ბინადრობდა: 17 წლის მდედრი, სახელად მალკა და მისი ნაშიერი – ბუნკა, რომელიც უკვე 6 წლის გახდა და იმ ასაკს მიუახლოვდა, როდესაც ბუნებაში ახალგაზრდა მამრი სპილოები დედებს შორდებიან, ვინაიდან მათ მზრუნველობას აღარ საჭიროებენ და დამოუკიდებელ ცხოვრებას იწყებენ. ზოოპარკები, სადაც მამრი სპილოები ამ ასაკს აღწევენ, მათ სხვა ზოოპარკებში გზავნიან. ასე ხდება ჩვენს შემთხვევაშიც. ზოოპარკებისთვის მეტად მნიშვნელოვანია ნებისმიერი სახეობის ცხოველის გამრავლება და სიცოცხლისუნარიანი პოპულაციის შენარჩუნება, რათა კოლექციების შევსება არ მოხდეს ველური ცხოველებით და პირიქით, საჭიროების შემთხვევაში, მათი ბუნებაში დაბრუნება განხორციელდეს. ჩვენი მალკა იდეალური კანდიდატია გასამრავლებლად, რადგან ნაყოფიერი მდედრია და ნაკლებად ენათესავება ევროპაში არსებულ ამავე სახეობის წარმომადგენლებს. მისი გამრავლებით ახალი სისხლი შეემატება ზოოპარკების ბინადარი აზიური სპილოების პოპულაციას. ყოველივე ზემოთქმულის გათვალისწინებით, მალკასთან შესაწყვილებლად ერევნიდან ზრდასრული მამრი სპილოს ჩამოყვანა და მის ნაცვლად ბუნკას გაგზავნა გადაწყდა.
 
უნდა აღინიშნოს, რომ სპილოები ყველაზე მძიმეწონიანი ცხოველები არიან ხმელეთზე მცხოვრებ ძუძუმწოვრებს შორის. შესაბამისად, მათი ტრანსპორტირებაც დიდ რისკებთან არის დაკავშირებული; განსაკუთრებით მაშინ, როცა საქმე მამრ სპილოს ეხება, რომლის წონაც 6 ტონას აღემატება. სპილოს ტრანსპორტირების ურთულესი ამოცანა კომპანია DHL-მა ითავა, რომელმაც გრანდი ერევნიდან საქართველოში სრულიად უსასყიდლოდ ჩამოიყვანა. ასევე უფასოდ მოხდება თბილისიდან ერევანში ბუნკას გადაყვანაც. 

სპილოს ტრანსპორტირების მეტად რთულ და საპასუხისმგებლო პროცესში როგორც ცხოველის, ისე ადამიანების უსაფრთხოებისთვის მნიშვნელოვანი იყო, დეტალებში ყოფილიყო გათვლილი თითოეული ნაბიჯი. თბილისისა და ერევნის ზოოპარკების წარმომადგენლებისა და ვეტექიმების გარდა ტრანსპორტირებაში ჩართულნი იყვნენ გერმანელი სპეციალისტები, რომლებიც გრანდს დიდი ხნის განმავლობაში აჩვევდნენ სპეციალურ კონტეინერში შესვლასა და გამოსვლას. გერმანიიდან მოწვეულნი იყვნენ ვეტექიმები სპილოებთან მუშაობის მრავალწლიანი გამოცდლებით, რომლებიც ზრუნავდნენ სპილოს მომზადებაზე ტრანსპორტირებისთვის და უზრუნველყოფდნენ ცხოველის უსაფრთხოებას ხანგრძლივი დროით სატრანსპორტო კონტეინერში ყოფნისას.
 
გრანდის მისაღებად თბილისის ზოოპარკში არსებულ სპილოების ვოლიერს რეკონსტრუქცია ჩაუტარდა, გაფართოვდა დახურული ვოლიერი და მას გარე ტერიტორიაც მიემატა. ამჟამად გრანდი დახურულ ვოლიერში იმყოფება და ნელ-ნელა ეჩვევა ახალ გარემოს და მომავალ „მეუღლეს“.