იპოთერაპია, ანუ სამკურნალო ცხენოსნობა, მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში აპრობირებული მეთოდია არაერთი დაავადების სამკურნალოდ. საცხენოსნო თერაპიას საკმაოდ მნიშვნელოვანი ადგილი უკავია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვების – აუტისტების, მეტყველების დეფექტისა და დაუნის სინდრომის მქონეთა კომპლექსურ მკურნალობაში. იპოთერაპია მეტად ეფექტიანია ბავშვთა ცერებრალური დამბლის, ჰიპერაქტიურობის სინდრომის, ნევროზებისა და სხვა დაავადებების დროს.

მაგალითისთვის, ცერებრალური დამბლის მკურნალობისას ცხენოსნობა ფიზიკური ვარჯიშის საუკეთესო საშუალებად ითვლება, რადგან ცხენის რხევებს უნიკალური გავლენა აქვს პროპრიოცეპტულ პროცესებზე და მთელ კუნთოვან სისტემაზე. აუტიზმის დროს უფრო მნიშვნელოვანია ფსიქოლოგიური ფაქტორი – ურთიერთობა დიდ, კეთილ ცხოველთან; ამას ემატება მულტისენსორული სტიმულაციაც – ცხენის სითბო, სუნი, რიტმული მოძრაობა, ბალანსის დაჭერის აუცილებლობა. ზოგ შემთხვევაში ბავშვი პირველად ზუსტად ცხენთან ამყარებს თვალის კონტაქტს, რაც შემდგომში ხალხთან კომუნიკაციის ხარისხის გაუმჯობესებაში ეხმარება.

გაკვეთილები:

•    გაკვეთილის ხანგრძლივობა – 30 წუთი;
•    აუცილებელი კურსი – 12 გაკვეთილი;
•    გაკვეთილის ღირებულება – 25 ლარი.

გაკვეთილების სიხშირე და კურსის ხანგრძლივობა ისაზღვრება ინდივიდუალურად.

საკონტაქტო ინფორმაცია:

დინა ანთელავა
პედაგოგი
ბავშვთა ფსიქოკორექციის ანიმალოთერაპიის ცენტრი „ნალი“.
ტელ.: (+995) 599 901965

რუკა

დინა ანთელავა
მოზარდთა ფსიქიატრი

1995 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, სამკურნალო ფაკულტეტი. 1998 წელს დაამთავრა მ. ასათიანის სახ. ფსიქიატრიის ინსტიტუტის რეზიდენტურა, მოზარდთა ფსიქიატრის სპეციალობით.

თავიდანვე დაინტერესდა რეაბილიტაციის საკითხებით. 1998-2000 წლებში იყო „ფსიქიკურად დაავადებულების რეაბილიტაციის ფონდის“ დამაარსებელი და ვიცე-პრეზიდენტი, მუშაობდა არტთერაპიის ჯგუფში, ფსიქიატრიის ინსტიტუტში.

2005 წლიდან დაიწყო ბავშვებთან მუშაობა. თავდაპირველად შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვების სარეაბილიტაციო ცენტრში „სან-კამილო“, სადაც პირველად სცადა ცხოველების ჩართვა ბავშვებთან მუშაობაში. ამ მეთოდმა აჩვენა, თუ როგორ ინტერესს და მოტივაციას იწვევს პატარებში ძაღლთან, კატასთან, ზაზუნასთან ურთიერთობა, რამდენად უადვილდებათ მათ ფსიქოთერაპევტთან კონტაქტი და ხალხთან კომუნიკაცია.

2011 წელს გაიარა ტრენინგი და სერტიფიცირება იპოთერაპიაში ლისის ტბასთან არსებულ რაიდთერაპიის ცენტრში „რაიდმედი“. 1 წლის განმავლობაში იყო მოხალისე, შემდეგ კი გადავიდა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის თავლაში, სადაც ჩართული იყო იპოთერაპიის პროექტში და მუშაობდა აუტისტ ბავშვებთან.

2011 წლიდან დღემდე არის საქართველოს ფსიქოანალიტიკური ფსიქოთერაპიული საზოგადოების წევრი და ბავშვთა ფსოქოანალიზის ტრენინგპროგრამის მონაწილე.

2015 წელს დააფუძნა ბავშვთა ფსიქოკორექციის ანიმალოთერაპიის ცენტრი „ნალი“, რომელსაც დღემდე ხელმძღვანელობს.

https://www.facebook.com/nali.org.ge/