თბილისის ზოოპარკში ბურჩელის ზებრა დაიბადა. პატარა და დედა კარგად გრძნობენ თავს. დამთვალიერებლებს მათი ნახვა დღის განმავლობაში ნებისმიერ დროს შეუძლიათ.
ზებრას ნაშიერები დაბადებიდანვე ძლიერები არიან. მათ გამოკვეთილი ხაზები არ გააჩნიათ, აბურძგნული პრიალა და მოყავისფრო ბეწვი აქვთ. დაახლოებით 10 წუთში ფეხზე დგებიან, ერთ კვირაში დედას უკან მიჰყვებიან და ბალახს ჭამენ, თუმცა 16 თვემდე რძესაც მიირთმევენ. ზებრა აფრიკის მშვენებაა. ბურჩელის ზებრები ადვილი გასარჩევები არიან ზებრას სხვა სახეობებისგან – მათი შავი ხაზები უფრო ფართოა. ზებრებს შორის ყველაზე უკეთეს მდგომარეობაში სწორედ ბურჩელის ზებრას პოპულაციაა. აფრიკის მოსახლეობის ზრდამ და ცხოველებისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობის ბალახოვანი მინდვრებისა და სავანას განადგურებამ ეს სახეობა შეიძლება კრიტიკულ მდგომარეობამდე მიიყვანოს.