ჩვენი შავი პუდელი კარაკულა, რომელმაც სახელი იმით გაითქვა, რომ 13 ივნისს დაღუპულ თეთრ ლომთან, შუმბასთან ერთად ცხოვრობდა, დედა გახდა და ქვეყანას 8 ლეკვი მოავლინა. მეტად უცნაურია ის, რომ 7 მათგანი შავია და მხოლოდ ერთია თეთრი. ჩვენც გადავწყვიტეთ, რომ ეს თეთრი პატარა სიმბოლურად, საოცარი შემთხვევითობის წყალობით, შუმბას სახელზე გაჩნდა. სახელიც შევურჩიეთ – შუმბა.
კარაკულა სტიქიის დილას ზოოპარკში შემოსულებმა დამტვრეული მანქანის თავზე აღმოვაჩინეთ. დღემდე დიდ საიდუმლოდ რჩება, როგორ დააღწია თავი წყალდიდობას და როგორ მოახერხა მანქანაზე ასვლა. საშინელ დღეში იყო. ტალახში ამოვლებული იჯდა და კანკალებდა. შემდეგ თანამშრომლებმა წაიყვანეს, დაბანეს, გაკრიჭეს და მოაწესრიგეს.
კარგი დედა გამოდგა კარაკულა. გალოკა, გააკრიალა ლეკვები და შესანიშნავად უვლის პატარებს. და მიუხედავად იმისა, რომ უკვე 8 შვილის დედაა, მაინც ძველებური ეშმაკუნები უთამაშებს თვალებში.
მოკლედ, ცხოვრება გრძელდება!