1 ივნისს, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს, თბილისის ზოოპარკში უამრავი საინტერესო ღონისძიება დავახვედრეთ პატარებს. გაიხსნა საქართველოში პირველი თოკების სათავგადასავლო პარკი Activity. პირველად, დაკიდული საბაგირო მარშრუტის დაბრკოლებები ზოოპარკის დირექტორმა, ზურაბ გურიელიძემ გადალახა, შემდეგ კი ჩატარდა სხვადასხვა ასაკობრივი კატეგორიის ბავშვების 3 ტურნირი.
გარდა ამისა, გაიხსნა ამიერკავკასიაში პირველი ადაპტირებული საქანელა ეტლით მოსარგებლე შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებისათვის. ზოოპარკის საგანმანათლებლო ცენტრის წინ მოეწყო საინტერესო საბავშვო აქტივობები, გაიხსნა „ნატვრის ხე“, რომელსაც პატარები სანუკვარ ოცნებებს ანდობდნენ და თვალდახუჭულები სიხარულით ამაგრებდნენ ფერად ბაფთებს.
ზოოპარკში მოსულ სტუმრებს „მულტი-პულტის“ მხიარული ჯამბაზები და ანიმაციური გმირები ახალისებდნენ, სახალისო საკონცერტო პროგრამა შემოგვთავაზეს „ქენდი სტუდიის“ ბავშვებმა. საზოგადოებისთვის მოულოდნელი აღმოჩნდა სპაიდერმენის გამოჩენა, რასაც Big Boy Crew-ს სკეიტერების ექსტრემალური შოუ მოჰყვა.
პარალელურად, მთელი დღის განმავლობაში იმართებოდა სახალისო ვიქტორინები, შეჯიბრები, თამაშები და გათამაშებები.
ზოოპარკში მოსულ პატარებს საინტერესო სანახაობასთან ერთად ბევრი სასიამოვნო სიურპრიზი და საჩუქარი დახვდათ ჩვენი მხარდამჭერებისგან: „ორიფლეიმ ჯორჯია“, „ბარამბო“, „ბიბლუსი“, თოკების პარკი Activity, „სტაქსი“, „სნო“, „დინ სტუდიო“, „ემბავუდი“.