მედიატური თბილისის ზოოპარკში
06/06/2014
თბილისის ზოოპარკმა მედიის წარმომადგენლებს მედიატურზე უმასპინძლა. შეხვედრა 5 ივნისს, თბილისის ზოოპარკის საგანმანათლებლო ცენტრში შედგა. ჟურნალისტებისთვის მომზადებული პრეზენტაცია ზოოპარკის დირექტორმა, ბატონმა ზურაბ გურიელიძემ წარადგინა. საუბრის მსვლელობისას სტუმრებმა ორიგინალური, „ზოოპარკული“ ფურშეტის დაგემოვნებაც შეძლეს. პრეზენტაციის დასრულებისთანავე შედგა ტური ზოოპარკში, რომლის განმავლობაშიც ჟურნალისტებს სპილოსა და ლემურების გამოკვების, თეთრი ვეფხვის ბოკვრების, ტაპირისა და პითონის მოფერების, ასევე ამიერკავკასიაში პირველ თოკების სათავგადასავლო პარკ Activity-ში დაკიდული მარშრუტის გავლის შესაძლებლობა მიეცათ.  
 
პრეზენტაციაზე მიმოხილულ იქნა ზოოპარკის 2014-2015 წლების გეგმები:
 
1. ევროპის აკვარიუმებისა და ზოოპარკების ასოციაციის (EAZA) წევრობის პერსპექტივა;
2. ახალი ვოლიერების მშენებლობა;
3. შენობების რეკონსტუქცია;
4. ატრაქციონების დემონტაჟი;
5. პრობლემური საკითხები;
6. მასმედიასთან ურთიერთობის სტრატეგია;
7. მარკეტინგული აქტივობები;
8. სამომავლო გეგმები და პროექტები (თბილისის ზღვის ტერიტორიის ათვისება).

აქვე, ჟურნალისტებისთვის ცნობილი გახდა თბილისის ზოოპარკში უახლოეს მომავალში დაგეგმილი სიახლეების – აფრიკული პინგვინების, ლეოპარდების, მამრი აზიური სპილოს ჩამოყვანისა და მისი უნიკალური ოპერაციის დეტალები.