თბილისის ზოოპარკში გაიხსნა კვირეული პოლიეთილენის პარკების წინააღმდეგ
17/06/2023
16 ივნისს თბილისის ზოოპარკში გაიხსნა კვირეული „ერთი კვირა პოლიეთილენის პარკის გარეშე“, რომელიც მიზნად ისახავს მოსახლეობაში ეკოცნობიერების დონის ამაღლებას, რათა საზოგადოებამ ნაკლებად მოიხმაროს პოლიეთილენის ახალი პარკები და გამოიყენოს მრავალჯერადი ჩანთები და/ან მეორადი პარკები. აქციის ორგანიზატორებმა ჩაატარეს ვორქშოფი, თუ როგორ უნდა მოიქსოვოს პოლიეთილენის მეორადი პარკებისგან ჩანთა, რომელიც პროდუქტების შეძენისას პოლიეთილენის ახალ პარკებს ჩაანაცვლებს. აქტივობის მონაწილეებს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი ხათუნა გოგალაძეც ესტუმრა, რომელიც მხარდაჭერას უცხადებს აღნიშნულ ინიციატივას.

კვირეული, რომელსაც საქართველო წელს პირველად შეუერთდა, მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქში ორგანიზაცია Zero Plastic Week-ის ეგიდით ტარდება. კვირეული 22 ივნისს, მცხეთაში დაიხურება, სადაც მოეწყობა ეკოაქცია, რომლის დროსაც ჩატარდება შემეცნებით-გასართობი აქტივობები გარემოს დაცვისა და ეკოცნობიერების ამაღლებისთვის. 

საქართველოში კვირეულის ორგანიზატორები არიან: EMT – განათლებისა და მართვის გუნდი, „სიქა“ – საგანმანათლებლო ინიციატივების ქართული ასოციაცია, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო.

მხარდამჭერები: თბილისის ზოოპარკი და რადიო „პოზიტივი“.