5 ივლისს თბილისის ზოოპარკში მედიის წარმომადგენლების სათავგადასავლო ტურნირი ჩატარდა. ჟურნალისტების სახალისო შეჯიბრს საქართველოში პირველი თოკების პარკი Activity მასპინძლობდა. ტურნირს სიმბოლური შინაარსი ჰქონდა: წარმოსახვითი გლობალური უწყლობის პერიოდში გუნდებს მაქსიმალური რაოდენობის წყლის მოგროვება, მწყურვალი ცხოველების გადარჩენა და გაჭირვებით მოპოვებული წყლის მათთვის გაზიარება ევალებოდათ.
კენჭისყრის შედეგად ჟურნალისტები 5 გუნდად გადანაწილდნენ. თითოეულ გუნდში სხვადასხვა მედიასაშუალების 7-7 წარმომადგენელი იყო გაერთიანებული. იდენტიფიკაციისთვის მონაწილეებს მწვანე, ლურჯი, ყვითელი, სალათისფერი და შავი ყელსახვევები დაურიგდათ. თავდაპირველად, მათ სხვადასხვა ცხოველების ვოლიერებთან დამალული მინიშნებები უნდა ეპოვათ. მორიგი სახალისო კონკურსები – ხის თხილამურებით გადაადგილება, წყლიანი ჭიქების მიზანში სროლა, ბამბუკებით წყლის შეგროვება და თოკების პარკის დაბრკოლებების თვალახვეულ და ხელებგადაბმულ მდგომარეობაში გადალახვა, ქულების ნაცვლად, შეგროვილი წყლის რაოდენობით ფასდებოდა.
საბოლოოდ, გამარჯვება ყვითელყელსახვევიანების გუნდმა „კანარიომ“ მოიპოვა. მათ საუკეთესო შედეგი აჩვენეს და ყველაზე მეტი წყლის მოგროვება შეძლეს, შეგროვილი წყალი კი მაიმუნებს დაალევინეს.
მხიარული მედიატურნირი გამარჯვებულების დაჯილდოების ცერემონიით დამთავრდა. I, II და III ადგილების მფლობელი გუნდების წევრებს გადაეცათ ღონისძიების ორგანიზატორებისა და მხარდამჭერების მიერ დაწესებული პრიზები: სუვენირები ზოოპარკისგან, კოსმეტიკური ნაწარმი „ავერსისგან“, „ელდორადოს“ უგემრიელესი შოკოლადები „ბარამბოსგან“, სუვენირები და ჰიგიენური პროდუქციის ნაკრებები „ორიფლეიმ ჯორჯიასგან“. ტურნირის ყველა მონაწილეს, იმავე საღამოს, ღია ცის ქვეშ მდებარე კაფე „გრინემამ“ უმასპინძლა, სადაც ჟურნალისტებს დამღლელი დღის შემდეგ დასვენება, ლუდის უფასოდ დაგემოვნება და დიდ ეკრანზე დიდი ფეხბურთის ყურება შეეძლოთ.
თბილისის ზოოპარკი დიდ მადლობას უხდის თოკების პარკს Activity და ღონისძიების მხარდამჭერებს: „ავერსი“, „ბარამბო“, „ორიფლეიმ ჯორჯია“ და „გრინემა“.