ერევნის ზოოპარკიდან რამდენიმე კვირის წინ ჩამოყვანილი მამრი სპილო გრანდის ნაცვლად 8 ივლისს სომხეთში ჩვენი მამრი სპილო ბუნკა გაემგზავრა.
ბუნკა 6 წლის გახდა და იმ ასაკს მიუახლოვდა, როდესაც ბუნებაში ახალგაზრდა მამრი სპილოები დედებს შორდებიან, ვინაიდან მათ მზრუნველობას აღარ საჭიროებენ და დამოუკიდებელ ცხოვრებას იწყებენ. სქესმწიფობის ასაკს მიღწეული მამრი სპილოების დედებთან გაჩერება დაუშვებელია, ამიტომ ზოოპარკები მათ სხვა ზოოპარკებში გზავნიან. ასე ხდება ჩვენს შემთხვევაშიც.
სწორედ ამიტომ, გადაწყდა სპილოების გაცვლა თბილისისა და ერევნის ზოოპარკებს შორის. მალკასთან შესაწყვილებლად ერევნიდან ზრდასრული მამრი სპილოს ჩამოყვანა და მის ნაცვლად ბუნკას გაგზავნა ევროპაში აზიური სპილოების კოორდინატორის, მარტინ ვან ვიისა და ევროპის ზოოპარკებისა და აკვარიუმების ასოციაციის (EAZA) წარმომადგენლის, მარიო ჰოედმეკერის ინიციატივით დაიგეგმა. ეს უკანასკნელი იმ ზოოპარკების ზედამხედველია, რომელთაც აღნიშნულ ორგანიზაციაში გაწევრიანება სურთ, თბილისის ზოოპარკი კი EAZA-ს წევრობის ერთ-ერთი კანდიდატია.
ბუნკას, ისევე როგორც გრანდის ტრანსპორტირება კომპანია DHL-მა ითავა სრულიად უსასყიდლოდ. სპილოს მგზავრობისთვის მომზადებისა და ტრანსპორტირების პროცესში გერმანიიდან სპეციალურად მოწვეული ვეტექიმებიც იყვნენ ჩართულნი.
ერევნის ზოოპარკში ბუნკას ძალიან ლამაზი და კეთილმოწყობილი ვოლიერი დაახვედრეს. ტრანსპორტირება ჩვენმა პატარამ კარგად გადაიტანა. იმედია ახალ საცხოვრებელ გარემოსაც სწრაფად და ადვილად შეეგუება.