26 სექტემბერს თბილისის ზოოპარკმა მონაწილეობა მიიღო ილიაუნის მიერ ორგანიზებულ სამეცნიერო პიკნიკში, რომელიც ტრადიციისამებრ, ვაკის პარკში გაიმართა.
პიკნიკში მონაწილეობის მიზანი იყო დამთვალიერებლებისთვის მიგვეწოდებინა საინტერესო ინფორმაცია ცხოველების შესახებ, გაგვეცნო ჩვენი ეგზოტიკური ბინადრები, გაგვეღვივებინა კეთილგანწყობა და ემპათია ქვეწარმავლების მიმართ, შეგვეხსენებინა საზოგადოებისთვის, რომ თბილისის ზოოპარკმა განაახლა ფუნქციონირება (ჯერჯერობით ისევ ძველ მისამართზე) და ელის სტუმრებს.
თბილისის ზოოპარკის კარავში მოეწყო ე.წ. „Touch Table“, სადაც პიკნიკის მონაწილეებს საშუალება ჰქონდათ ხელით შეხებოდნენ სხვადასხვა ცხოველის სხეულის საფარველს – ქერცლს (გველის – კლდის პითონის პერანგი), რქოვან ფარებს (პანგოლინი), ბეწვს (ვეფხვი), ძვლებს (ბაყაყის ჩონჩხი), ირმის რქას, ფრინველების ბუმბულებს. ბავშვებისთვის მოვაწყეთ ვიქტორინა და თამაში „ჯადოსნური ალბომი“.
ზოოპარკის კარავს ტრადიციულად უამრავი დამთვალიერებელი ეწვია. სტუმრები ცნობისმოყვარეობით ათვალიერებდნენ ჩვენს კუთხეში წარმოდგენილ საინტერესო ექსპონატებს. პიკნიკზე ჩვენი ქვეწარმავლებიც გვყავდა წაყვანილი – სიმინდის მცურავი, წითელყურება კუ და გეკონი. სწორედ ისინი იწვევდნენ ვიზიტორების, განსაკუთრებით კი ბავშვების, განსაკუთრებულ ინტერესს.