სპილო გრანდის უნიკალური ოპერაცია
19/09/2014
18 სექტემბერს თბილისის ზოოპარკის ბინადარმა სპილო გრანდმა უმძიმესი ოპერაცია გადაიტანა. სპილოს მოტეხილი ეშვის ამოღების რთული პროცედურა მსოფლიოში ცნობილმა სტომატოლოგმა, პეტერ კერტესმა ითავა, რომელიც საქართველოში სპეციალურად ამ ოპერაციისთვის ჩამოფრინდა თავის 4 ასისტენტთან ერთად.
 
უცხოელი ვეტექიმების განცხადებით გრანდის ოპერაცია ყველაზე რთული იყო მათ პრაქტიკაში. ამგვარი გართულება მათ არც ერთ პაციენტს არ ჰქონია. ამოსაღები ეშვის მდგომარეობა მოსალოდნელზე ბევრად მძიმე აღმოჩნდა, ამიტომ პროცესი დაგეგმილზე დიდხანს გაგრძელდა. 09:30 საათზე დაწყებულმა ოპერაციამ თითქმის 00:00 საათამდე გასტანა. თავდაპირველად სპილოს ნარკოზიდან გამოსვლა გაუჭირდა, ანესთეზიის მოქმედების გასვლის შემდეგ კი რამდენიმე საათი ვერ ხერხდებოდა მისი გაღვიძება და ფეხზე წამოყენება. გრანდი 10 საათზე მეტი ხნის განმავლობაში იწვა ერთ პოზიციაში, ამის გამო მისი სხეული დაბუჟებული იყო და დასუსტებულ ცხოველს წამოდგომა არ შეეძლო. მწოლიარე მდგომარეობაში მყოფი სპილოს 6-ტონიანი სხეული მთელი სიმძიმით აწვებოდა ფილტვებს. არსებობდა რეალური საფრთხე იმისა, რომ ამგვარი სიძლიერის დაწოლა ფილტვების შეშუპებას, სუნთქვის შეჩერებასა და საბოლოოდ, სპილოს სიკვდილს გამოიწვევდა. საბედნიეროდ ყველაფერი კარგად დასრულდა და ათობით ადამიანის თავდაუზოგავმა შრომამ შედეგი გამოიღო. გრანდის გამოღვიძებამ და ფეხზე წამოდგომამ უამრავი იმედგადაწურული გულშემატკივრის გული გაახარა. 

მოტეხილ ეშვთან ერთად ექიმებმა ქვები, ხრეშისა და ქვიშის ნარჩენები და უზარმაზარი კისტა ამოიღეს, რომელიც ჩირქის წარმოქმნისა და მთელ ორგანიზმში ინფექციის გავრცელების წყარო იყო. გამომდინარე იქიდან, რომ ოპერაცია გართულდა, ვეტექიმებმა მხოლოდ 1 ეშვის ამოღება მოახერხეს. მეორე ოპერაციის გაკეთება დაახლოებით 2 წელიწადში იქნება შესაძლებელი. 

გრანდის ოპერაციას უპრეცედენტო რეზონანსი მოჰყვა. ეს უმნიშნელოვანესი მოვლენა არა მხოლოდ საქართველოს, არამედ მსოფლიოს მედიის ყურადღების ცენტრში მოექცა. ოპერაციის ფოტოები და სპილოს წამოდგომის ემოციური კადრები მთელი მსოფლიოს მასშტაბით გავრცელდა. უამრავი ადამიანი გვწერდა, გვირეკავდა და გვთავაზობდა დახმარებას... 

ამჟამად გრანდის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. სპილო თავისუფლად მოძრაობს როგორც შიდა, ისე გარე ვოლიერში. რამდენიმედღიანი პოსტოპერაციული დიეტის შემდეგ ის კვების ჩვეულებრივ რაციონსაც დაუბრუნდება.
 
თბილისის ზოოპარკს ამ პროექტის განხორციელებაში მხარში ამოუდგნენ პარტნიორი კომპანიები: სპილოს ერევნიდან თბილისში ტრანსპორტირება კომპანია DHL-მა უზრუნველყო, კომპანია „ავერსმა“ კი ოპერაციისთვის საჭირო მედიკამენტები მოგვაწოდა.
 
თბილისის ზოოპარკის სახელით ყველას უდიდეს მადლობას გიხდით თანადგომისა და გულშემატკივრობისთვის.