ძვირფასო ბავშვებო და მშობლებო!
თბილისის ზოოპარკის საგანმანათლებლო ცენტრი ბავშვთა გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლებისა და ეკოლოგიური განათლების მიზნით, 5-დან 16 წლამდე ასაკის ბავშვებს, ტრადიციულად გიწვევთ ზოოლოგიისა და ეკოლოგიის შემეცნებით გაკვეთილებზე.
მსურველები მობრძანდით 4 ოქტომბერს, შაბათს, 12:00 საათზე, ზოოპარკის საგანმანათლებლო ცენტრში, სადაც მოეწყობა შეხვედრა და მოხდება ჯგუფების დაკომპლექტება ასაკის მიხედვით.
შეგახსენებთ, რომ ცენტრის მოსწავლეებისა და მათი მშობლებისთვის ზოოპარკის ტერიტორიაზე (მათ შორის ეგზოტარიუმში) შემოსვლა უფასოა ნებისმიერ დღეს; გარდა ამისა, უფასოა სამუშაო მასალა მეცადინეობებისთვის (ფერადი ქაღალდები, ფერადი ფანქრები, სახატავი და გასაფერადებელი რვეულები, პლასტელინი და სხვა).
სწავლის ღირებულება შეადგენს თვეში (4 გაკვეთილი) 20 ლარს. გაკვეთილის ხანგრძლივობაა 1,5 საათი. მეცადინეობები ჩატარდება შაბათ-კვირას.
გაკვეთილების თემატიკა და ფორმატი შესაბამისობაშია საერთაშორისო გარემოსდაცვითი განათლების პროგრამასა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ საშუალო სკოლებისთვის დადგენილ საბუნებისმეტყველო საგნების სწავლების სტანდარტებთან.
მეცადინეობები ინტერაქტიული ხასიათისაა: ბავშვები გაეცნობიან ცხოველთა სხვადასხვა სახეობას, შეისწავლიან გარემო ფაქტორებს, რომლებიც გავლენას ახდენენ როგორც ცხოველებზე, ისე ადამიანზე; საშუალება ექნებათ დააკვირდნენ ცხოველთა კვების პროცესს და მათი ქცევის თავისებურებებს; დახატავენ, გამოძერწავენ ცხოველებს, გააფერადებენ თემატურ გასაფერადებლებს. შემეცნებითი პროცესი რომ უფრო სახალისო და ეფექტიანი იყოს, მოსწავლეებს შევთავაზებთ ეკოლოგიურ თამაშებს, საახალწლოდ ჩატარდება მინისპექტაკლები; ბუნების უკეთ გაცნობისა და შესწავლის მიზნით მოეწყობა ექსკურსიები და ლაშქრობები საქართველოს დაცულ ტერიტორიებზე.