ცხოველთა დაცვის დღე თბილისის ზოოპარკში
06/10/2014
4 ოქტომბერი, ცხოველთა დაცვის საერთაშორისო დღე თბილისის ზოოპარკში ხალისიანად აღინიშნა. დღის პირველ ნახევარში გაფორმდა თანამშრომლობის მემორანდუმი თბილისის ზოოპარკსა და ე. ახვლედიანის სახ. ბავშვთა სურათების გალერეას შორის და გაიხსნა ცხოველების თემაზე შექმნილი ნამუშევრების გამოფენა. მოგვიანებით გამოფენამ ზოოპარკში გადმოინაცვლა და აქვე გაიმართა დაჯილდოების ცერემონიაც. ყველა მონაწილეს გადაეცა სერტიფიკატი, ჟიურის რჩეულები კი თბილისის ზოოპარკისა და ღონისძიების მხარდამჭერი კომპანიების, „ორიფლეიმ ჯორჯიასა“ და „ბარამბოსგან“ საჩუქრებით დაჯილდოვდნენ.

დიდი მხიარულება იყო ზოოპარკის მთავარ მოედანზე, სადაც თბილისის თოჯინების სახელმწიფო თეატრმა სპექტაკლი „ბატის  ჭუკი“ წარმოადგინა. ზოოპარკის სტუმრები განსაკუთრებული ინტერესით შეხვდნენ „ქუჩის თეატრის“ ფერად კარნავალს. ოჩოფეხებისა და ანიმაციური ფილმების გმირების კოსტიუმირებულმა შოუმ გულგრილი არავინ დატოვა. ბავშვები სიხარულით მონაწილეობდნენ სხვადასხვა თამაშებში, ვიქტორინებსა და ილუზიონისტის ნომრებში და სანაცვლოდ სამახსოვრო საჩუქრებსაც იღებდნენ.