15 ნოემბერი, მეორადი გადამუშავების საერთაშორისო დღე თბილისის ზოოპარკში შემოქმედებითად აღვნიშნეთ. ზოოპარკის საგანმანათლებლო ცენტრის ტერასაზე მოვაწყეთ კუთხე, სადაც ჩვენს პატარა და დიდ სტუმრებთან ერთად საყოფაცხოვრებო ნარჩენებისგან სათამაშოები, ორიგინალური სუვენირები და სხვადასხვა დეკორატიული ნივთები დავამზადეთ. აქციაში დიდი ინტერესითა და ენთუზიაზმით ჩაერთნენ როგორც ბავშვები, ისე უფროსები. გარდა ამისა, ზოოპარკში Coop Georgia Recycling-ის მიერ მინის, პლასტმასისა და ქაღალდის ნარჩენების ურნების დადგმასთან დაკავშირებით, ჩატარდა სახალისო თემატური თამაში, რომლის მიზანიც პატარებისთვის ურნებში ნარჩენების სწორად განაწილების სწავლება იყო. საზოგადოებაში გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლების მიზნით თბილისის ზოოპარკში სამომავლოდ მსგავსი ტიპის არაერთი ღონისძიების ჩატარებაა დაგეგმილი.