გურამ დოჩანაშვილის მოთხრობის პრეზენტაცია თბილისის ზოოპარკში
21/10/2015
10 ოქტომბერს, „თიბისი ბანკისა“ და ელექტრონული წიგნების სახლის „საბა“ მხარდაჭერით, თბილისის ზოოპარკში გურამ დოჩანაშვილის ახალი მოთხრობის, „გივიზე“ პრეზენტაცია გაიმართა. მოთხრობა ცოცხალმა კლასიკოსმა 13 ივნისის სტიქიის დროს გარდაცვლილ მეგობარს, გივი დვალს მიუძღვნა, რომელიც წლების განმავლობაში ზოოპარკში მუშაობდა.

„გივიზე“ გურამ დოჩანაშვილმა 2005 წელს დაწერა, თუმცა მოთხრობა მწერლის არც ერთ კრებულში არ შესულა. განათლებით ისტორიკოსი, გივი დვალი, რომელიც 13 ივნისის სტიქიას 77 წლის ასაკში ემსხვერპლა, ზოოპარკში მაიმუნების მომვლელად მუშაობდა. გივის არც ოჯახის წევრი და არც ნათესავი არ ჰყავდა, ამიტომ მისი სამუშაო და საცხოვრებელი ადგილი 20 წლის განმავლობაში ზოოპარკი იყო.

წიგნის 1000 ეგზემპლარი, რომელიც სპეციალურად 13 ივნისის მოხალისეებისთვის დაიბეჭდა, ავტორმა პრეზენტაციაზე მისულ სტუმრებს საჩუქრად გადასცა.


გურამ დოჩანაშვილის მოთხრობის, „გივიზე“ ელექტრონული ვერსიის ჩამოტვირთვა ნებისმიერ მსურველს შეუძლია ელექტრონული წიგნების სახლის „საბა“ ვებგვერდიდან www.saba.com.ge.