მიეგებეთ ჩვენს ახალ ბინადრებს! 2 ულამაზეს წინააზიურ ჯიქს, ანუ ლეოპარდს!
მამა-შვილი, 2 წლის სალამი და 8 წლის ედუარდი საჩუქრად მივიღეთ საფრანგეთიდან, პარიზის მახლობლად მდებარე ზოოლოგიური პარკიდან Le Parc des Felins, რომელიც კატისებრთა ოჯახის გადაშენების პირას მყოფი წარმომადგენლების გამრავლებასა და კონსერვაციას ემსახურება.
ეს სწორედ ის ლეოპარდია (Panthera pardus saxicolor), რომელიც ისტორიულად საქართველოს ტერიტორიაზე იყო გავრცელებული. ამჟამად წინააზიური ჯიქი გადაშენების საფრთხის პირასაა. სახეობის მთლიანი პოპულაცია სულ 870-1290 ინდივიდს ითვლის, რომელთაგან დიდი ნაწილი ირანსა და ავღანეთში ბინადრობს.
საქართველოში ჯიქი ბოლოს 2003 წელს, ვაშლოვანის ნაკრძალში დაფიქსირდა ორგანიზაცია „ნაკრესის“ მიერ. ლეოპარდს ნოე დაარქვეს. ნოეს მომდევნო 7 თვის განმავლობაში აქტიურად აფიქსირებდა ფოტოხაფანგები, თუმცა მას შემდეგ არც ის და არც რომელიმე სხვა ინდივიდი აღარ გამოჩენილა.
სამომავლოდ თბილისის ზოოპარკი ჯიქის გამრავლებისა და აღდგენის პროგრამაში ჩართვას გეგმავს. ეს პროექტი მეტად მნიშვნელოვანია, რადგან საქართველოში ლეოპარდის ეს სახეობა კრიტიკული საფრთხის წინაშე იმყოფება.