1 ივნისი – დიდი დღესასწაული თბილისის ზოოპარკში!
01/06/2015
1 ივნისს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით თბილისის ზოოპარკში უამრავი საინტერესო ღონისძიება გაიმართა. მრავალფეროვანი საბავშვო გასართობი პროგრამა შემდეგ აქტივობებს მოიცავდა: სპორტული აკრობატიკის საჩვენებელი ნომრები და ილუზიონისტის შოუ, ჰამლეტ გონაშვილის სახელობის ხელოვნების სკოლის მოსწავლეებისა და საბავშვო ბაღების კოლექტივების, „ბასტი ბუბუს“ სტუდიის მოსწავლეთა და საბავშვო სტუდია „სახეს“ საკონცერტო პროგრამა, სახალისო ვიქტორინები, სპექტაკლები, „ბრეიკ დანსის“ მოცეკვავეების გამოსვლა. დღის განმავლობაში სტუმრებს ართობდნენ საქართველოს სახელმწიფო პანტომიმის თეატრის მიმები. სცენის მიმდებარე ტერიტორიაზე განთავსებული იყო „სმარტ ფოტოს“ ჯიხური, რომელშიც ყველა მსურველს ჰქონდა სამახსოვრო ფოტოს უფასოდ გადაღების შესაძლებლობა. ღონისძიების მსვლელობისას ზოოპარკში მისული ბავშვები ფურცლებზე სანუკვარ სურვილებს წერდნენ. ზუსტად 18:00 საათზე საჰაერო ბუშტებმა პატარების სურვილები ცაში აიტაცა. სადღესასწაულო პროგრამას თბილისის მერი დავით ნარმანიაც დაესწრო.

ღონისძიებას სტუმრობდნენ საქართველოს საპატიო კონსული ფილიპინების რესპუბლიკაში ბ-ნი ტელმო კუნანანი (Thelmo Cunanan Jr.) და ფილიპინების რესპუბლიკის საპატიო კონსული საქართველოში ბ-ნი თეიმურაზ ჭიჭინაძე. გაფორმდა მეგობრობისა და თანამშრომლობის მემორანდუმი თბილისის ზოოლოგიურ პარკსა და მანილას ზოოლოგიურ და ბოტანიკურ ბაღს შორის. დეკლარაციის ხელმოწერის შემდეგ ბ-ნმა ტელმო კუნანანმა დამსწრე საზოგადოებას იმ სიურპრიზის შესახებ ამცნო, რომელსაც თბილისის ზოოპარკი და საქართველოსა და ფილიპინების საკონსულოები უმზადებენ ქართველ ბავშვებს: მომავალ წელს, საახალწლოდ, საქართველოსა და ფილიპინების ურთიერთობის 25 წლის აღსანიშნავად, ბათუმის საერთაშორისო კონტეინერების ტერმინალის (BICT) ფინანსური მხარდაჭერით თბილისის ზოოპარკში აშენდება ფილიპინებისა და საქართველოს მეგობრობის პარკი – საბავშვო მინიპარკი ღია ცის ქვეშ, სადაც პატარებისთვის ეკოლოგიურად სუფთა, ხის მასალისგან დამზადებული გასართობი ზონა მოეწყობა.
 
1 ივნისის ღონისძიების მხარდამჭერები იყვნენ: ქალაქ თბილისის მერია, საქართველოს სახელმწიფო პანტომიმის თეატრი და კომპანია „ორიფლეიმი“.