წყალდიდობა თბილისში – ვითარება თბილისის ზოოპარკში
15/06/2015
13 ივნისს საქართველოს დედაქალაქ თბილისში ტრაგედია დატრიალდა. ძლიერი წვიმისა და მეწყერის გამო ადიდებულმა მდინარე ვერემ კალაპოტი გადმოლახა და მიმდებარე ხეობა დატბორა. მდინარე ზოოპარკში თბილისის დროით დაახლოებით 00:30 საათზე შეიჭრა. წყალმა მთლიანად დაფარა ცხოველების ვოლიერების ნაწილი. შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდნენ ზოოპარკის თანამშრომლები, მობილიზებული იყო სამაშველო სამსახური და სპეცდანიშნულების რაზმი. სამაშველო ოპერაცია მთელი ღამე გრძელდებოდა. ცხოველების ნაწილი დაიხრჩო, ნაწილმა მოახერხა ვოლიერებიდან გამოსვლა. ზოოპარკის თანამშრომლები მთელი ღამის განმავლობაში ცდილობდნენ საიმობილიზაციო საშუალებებით ცხოველების დაძინებას და უსაფრთხო ტერიტორიაზე გამოყვანას. სპეცდანიშნულების რაზმი იძულებული გახდა მოეხდინა იმ რამდენიმე მტაცებლის ლიკვიდაცია, რომელმაც მიაღწია ავტომაგისტრალს, სადაც საცობის გამო უამრავი ადამიანი იმყოფებოდა. 
 
სამწუხაროდ სტიქიამ ზოოპარკის 3 თანამშრომელი იმსხვერპლა: გულიკო ჭიტაძე, თბილისის ზოოპარკის მთავარი ძიძა-მომვლელი, მისი მეუღლე მალხაზ ჭიტაძე, მომვლელი და გივი დვალი, ასევე მომვლელი. წყალდიდობის დროს ისინი მომვლელების შენობაში იმყოფებოდნენ. წყალმა იმგვარი სისწრაფით დატბორა ტერიტორია, რომ მათ შენობიდან გამოსვლა ვერ მოასწრეს. დაღუპულების ცხედრები 14 ივნისს იქნა აღმოჩენილი.

სამაშველო და საძიებო სამუშაოები ამ წუთებშიც მიმდინარეობს. ამჟამად მობილიზებულია მძიმე ტექნიკა და  გრძელდება ტერიტორიის გასუფთავება. წყალდიდობის შედეგად ჩახერგილია ზოოპარკის ქვედა ნაწილი. ჯერჯერობით შეუძლებელია დაღუპული ცხოველების ზუსტი რაოდენობის დადგენა, რადგან ვოლიერები ჯერ კიდევ დატბორილია. თბილისის ზოოპარკის ბინადრების ნაწილმა ტერიტორიიდან გასვლა შეძლო. მათ შორის იყო ჰიპოპოტამი, რომლის იმობილიზაცია და ზოოპარკში დაბრუნება დილასვე მოხერხდა. სტიქიას გადაურჩნენ მხოლოდ ის ცხოველები, რომელთა ვოლიერებიც შემაღლებულ ადგილასაა განთავსებული. მათ შორის არიან სპილოები, თეთრი ლომები, ლეოპარდები, მარტორქა, ირმები, ზებრები, ლამები, ტაპირი, ცივეტა, სერვალი, ტურები, ლემურები, ცხენები, პონები, ფალაბელები, ვირები, დიკ-დიკი, კანა, ნიამორები, კამერუნის თხები, აზავერები და სხვადასხვა სახეობის ფრინველები. წყალდიდობას გადაურჩა ეგზოტარიუმიც. საძიებო სამუშაოების შედეგად ნაპოვნ და გადარჩენილ ცხოველებს შორისაა 3 დათვი, 2 ნიანგი, 2 მგელი, 6 პინგვინი, გარეული ტახები და რამდენიმე ფრინველი.
 
ამჟამად ზოოპარკში იმყოფება ყველა თანამშრომელი და აგრძელებენ როგორც გადარჩენილი ცხოველების მოვლა-პატრონობასა და რეაბილიტაციას, ასევე ჩართულნი არიან გაწმენდით სამუშაოებში. ზოოპარკში მობილიზებულია ასობით მოხალისე, რომლებიც თავდაუზოგავად შრომობენ ტერიტორიის გასაწმენდად.