შრომით თენდება და ღამდება ყოველი დღე თბილისის ზოოპარკში.
ყველა მუშაობს – ქალი, კაცი, ახალგაზრდა, თუ ხანდაზმული. ადამიანები, რომლებმაც ამ დღეებში ძალიან ბევრი დაკარგეს – საუკეთესო მეგობრები – როგორც ადამიანები, ისე ცხოველები; განადგურდა დიდი ნაწილი იმისა, რასაც წლების განმავლობაში ქმნიდნენ და აშენებდნენ, რაშიც მთელ თავის ენერგიასა და მონდომებას აქსოვდნენ.
და მაინც, ამხელა ტრაგედიის მიუხედავად, ენთუზიაზმი არ დაუკარგავთ. მუშაობენ დილიდან საღამომდე. მუხლჩაუხრელად. სტიქიის შემდგომი მწუხარება და უიმედობა ახლა საოცარმა შემართებამ ჩაანაცვლა. ნიჩბები, ბოტები, ურიკები, წყალი, ტალახი, მტვერი, სიცხე... და ასე გრძელდება უკვე თითქმის ერთი თვეა. დღის ბოლოს წელში ვეღარ იმართებიან, თავიან-ფეხებიანად სველები და ტალახიანები საღამოს სახლებში მიდიან და მეორე დილას ახალი ენერგიით ბრუნდებიან უკან.
ახლა ჩვენ ერთი მიზანი გვაქვს – რაც შეიძლება სწრაფად მოვაწესრიგოთ არსებული ტერიტორია, რომ თბილისს ზოოპარკი დავუბრუნოთ და დამთვალიერებლების მიღება შევძლოთ. ზოოპარკს მიღმა ჩვენი უამრავი გულშემატკივარი იცდის, ზოოპარკში კი – წყალდიდობას გადარჩენილი ცხოველები.
ამგვარ მომენტებში რთულია, სიამაყით არ აღივსო. ჩვენ ბევრი დავკარგეთ, ბევრი გადავიტანეთ, მაგრამ გვჯერა, რომ ერთად შეუძლებელს შევძლებთ! შემდეგი ნაბიჯი უკვე ახალ ტერიტორიაზე ახალი ზოოპარკის აშენებაა!
და დიახ, ჩვენ ვამაყობთ, რომ ვართ თბილისის ზოოპარკის თანამშრომლები!