მოსწავლეთა სამეცნიერო კონფერენცია „ადამიანი და ცხოველთა სამყარო“
22/01/2024

 

 

საქართველოს სკოლების მოსწავლეთა და მასწავლებელთა საყურადღებოდ!


2024 წლის 22-24 მაისს, ბიომრავალფეროვნების მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, თბილისის ზოოპარკში გაიმართება მოსწავლეთა სამეცნიერო კონფერენცია „ადამიანი და ცხოველთა სამყარო".


კონფერენციის მიზანია:

  • ადამიანსა და ცოცხალ ბუნებას შორის ჰარმონიული თანაარსებობის ჩამოყალიბება.


კონფერენციის ამოცანები:

  • მოზარდთა ეკოლოგიური და კონსერვაციული ცნობიერების ამაღლება;
  • მოზარდებში მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობის განვითარება;
  • ბუნების დამცველთა ახალი თაობის ჩამოყალიბების ხელშეწყობა;
  • სამოქალაქო მეცნიერების განვითარების ხელშეწყობა და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების პოპულარიზაცია.



2024 წლის მოსწავლეთა სამეცნიერო კონფერენციის თემა:


ჩემი ეკოსისტემა

 

ბიომრავალფეროვნება დედამიწაზე სიცოცხლის საფუძველია. ბიომრავალფეროვნების გარეშე არ იქნებოდა ჰაერი სუნთქვისთვის, საკვები - შიმშილის დასაოკებლად, წყალი - წყურვილის მოსაკლავად. არ იქნებოდა ადამიანი.


დედამიწაზე აღწერილია 2 მილიონზე მეტი სახეობა და მეცნიერების ვარაუდით რეალური რიცხვი 8 მილიონს აღემატება. ამ მონაცემებთან მუშაობა და მათი დახარისხება ერთობ შრომატევადი პროცესია, მით უმეტეს, რომ მეცნიერული რესურსი მცირეა. საზოგადოების ჩართულობა გაცილებით დააჩქარებს ამ პროცესს და საქმეს გაუადვილებს მეცნიერებს. ამიტომ ჩნდება მოხალისე მეცნიერების საჭიროება - ნებისმიერ ადამიანს, განურჩევლად პროფესიისა და ასაკისა, შეუძლია თავისი წვლილი შეიტანოს მეცნიერებაში და გახდეს სამოქალაქო მეცნიერი.


კავკასია მსოფლიოში ბიომრავალფეროვნების 36 ცხელ წერტილს შორის ერთ-ერთია. იგი გამოირჩევა მაღალი ენდემურობითა და ეკოსისტემის განსაკუთრებული მოწყვლადობით. ამასთან ერთად, რეგიონი შედარებით შეუსწავლელია, რაც კიდევ უფრო ზრდის სამოქალაქო მეცნიერების საჭიროებას.


სამეცნიერო კონფერენციაში მონაწილეობა მოსწავლეებს საშუალებას მისცემს, თავად გახდნენ სამოქალაქო მეცნიერები.


 რა ევალებათ მონაწილეებს?

  • აირჩიონ და შეისწავლონ ადგილი (თქვენ მიერ შერჩეული ადგილი შეიძლება იყოს სახლთან/სკოლასთან ახლოს მდებარე მწვანე ზონა ან ქალაქის სკვერების/პარკების ტერიტორია);
  • iNaturalist-ისა და Seek-ის მეშვეობით, შერჩეულ ადგილას დააფიქსირონ რაც შეიძლება მეტი სახეობა;
  • აღწერონ ეკოსისტემა შეგროვებული მონაცემების საფუძველზე.

კონფერენციის წლევანდელი თემა საშუალებას მისცემს მოსწავლეებს:

  • შეისწავლონ ადგილობრივი ბიომრავალფეროვნება და აღწერონ ეკოსისტემა;
  • დაეუფლონ ბიოლოგიური მონაცემების შეგროვების თანამედროვე მეთოდებს;
  • დაეხმარონ მეცნიერებს, შეიტანონ წვლილი გლობალური ბიომრავალფეროვნების მონაცემთა ბაზისთვის - Global Biodiversity Information Facility (GBIF) - ინფორმაციის შეგროვებაში და გახდნენ სამოქალაქო მეცნიერები;
  • თავიანთი დაკვირვების შედეგებზე დაყრდნობისა და მოძიებული ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე შეისწავლონ ქალაქის/სოფლის ბიომრავალფეროვნება (ფლორისა და ფაუნის წარმომადგენლები) - გავრცელების არეალი, ქცევის თავისებურებები, პოპულაციისა და ჰაბიტატის მდგომარეობა, ეკოლოგიური მნიშვნელობა, ადამიანის საქმიანობით გამოწვეული პრობლემები (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
  • შექმნან მონაცემთა ბაზა თავიანთი ქალაქის/სოფლის ბიომრავალფეროვნების შესახებ და გამოიყენონ შემდგომში თანამოქალაქეებისთვის გასაცნობად.


ამგვარი მიდგომა დაეხმარება


სკოლის მოსწავლეებს:


  • ბუნებაში მიმდინარე პროცესების მიზეზ-შედეგობრივი კავშირების კვლევასა და რეალისტურ შეფასებაში;
  • კრიტიკული აზროვნების განვითარებაში;
  • საკუთარი მოქალაქეობრივი პოზიციისა და ბუნებაში ქცევის ჩამოყალიბებაში;
  • სამეცნიერო კვლევის პროცესის (მიზნებისა და მეთოდების) გაცნობაში.


           პედაგოგებს:


  • შექმნან ხელმისაწვდომი „ცოცხალი ბუნების ლაბორატორია" სკოლასთან ახლოს მდებარე მწვანე ზონებში;
  • აამაღლონ მოსწავლეებში გარემოსდაცვითი განათლების დონე ბუნებაში ქცევის წესებისა და უნარ-ჩვევების გამომუშავებით;
  • შეიტანონ წვლილი ბიომრავალფეროვნების შენარჩუნებაში;
  • მოიპოვონ მასალა კომპლექსური დავალებების შესასრულებლად.


           მშობლებსა და დაინტერესებულ საზოგადოებას:


  • ბავშვებთან ერთად დააკვირდნენ ბუნებას, იზრუნონ ურბანულ სივრცეში მწვანე ზონების შენარჩუნებაზე საკუთარი და მომავალი თაობების საკეთილდღეოდ.




კონფერენციაში მონაწილეობის პირობები

 

 

კონფერენციაში მონაწილეობა შეუძლიათ V-XII კლასის (დაწყებითი, საბაზო და საშუალო საფეხური) მოსწავლეებს. 

 

 

კონფერენცია შედგება 2 ტურისგან. I ტურში მონაწილე წარმოადგენს Word-ის ფაილში შესრულებულ რეფერატს. II ტურში გადასვლის შემთხვევაში მონაწილე ნაშრომს ჟიურის წინაშე წარადგენს. 



რეფერატის წარდგენის პირობები

 

(I ტური)

 

1.      კონფერენციაზე წარმოდგენილი ნამუშევრების შინაარსი უნდა პასუხობდეს კონფერენციის თემას;

2.      ნაშრომის მოცულობა არ უნდა აღემატებოდეს 10 A4 ზომის ნაბეჭდ გვერდს (ფოტოებისა და სხვა ილუსტრაციების ჩათვლით). შრიფტი: Sylfaen, შრიფტის ზომა: 12;

3.      ნაშრომი უნდა მოიცავდეს  საკვლევი ტერიტორიის ეკოსისტემის აღწერას:


3.1. დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებისთვის:

  • ადგილის ფოტო;
  • ხე-მცენარეების ფოტოები, მათი იდენტიფიკაცია უფროსებისა და iNaturalist-ის და Seek-ის საიტების დახმარებით;
  • შესაძლებლობის ფარგლებში, ნანახი ცხოველების (მწერებისა თუ ობობების, ფრინველების, ძუძუმწოვრების, ამფიბიებისა და ქვეწარმავლების) ჩამონათვალი;
  • მარტივი კვებითი ურთიერთობების მაგალითები შესასწავლი ეკოსისტემიდან;
  • კონკრეტული ეკოსისტემის არსებობისა და შენარჩუნების მნიშვნელობა ადამიანის ჯანმრთელობისთვის.


3.2. საბაზისო საფეხურის მოსწავლეებისთვის:

  • შერჩეული საკვლევი ტერიტორიის (ჰაბიტატი) აღწერა და ფოტო;
  • ნანახი ცოცხალი ორგანიზმების ჩამონათვალი;
  • ნანახი ცოცხალი ორგანიზმების კლასიფიკაცია კვებითი თავისებურებების მიხედვით (ბალახისმჭამელი, მტაცებელი, ნაირმჭამელი, ავტოტროფი, ჰეტეროტროფი);
  • კვებითი ჯაჭვები ნანახ ცოცხალ ორგანიზმებს შორის;
  • ინფორმაცია ნანახ სახეობებზე და მათ როლზე ეკოსისტემაში;
  • კონკრეტული ეკოსისტემის შენარჩუნების მნიშვნელობა ჯანსაღი გარემოსა და ადამიანის ჯანმრთელობისთვის;
  • გამოყენებული ლიტერატურის ჩამონათვალი.


            3.3. საშუალო საფეხურის მოსწავლეებისთვის:

  • ადგილის ფოტო;
  • ადგილის რუკის ფოტო (Google maps, Google earth);
  • საკვლევი ტერიტორიის (ჰაბიტატი) აღწერა;
  • ნანახი სახეობების ჩამონათვალი და ფოტოები (ფლორისა და ფაუნის წარმომადგენლები);
  • ინფორმაცია ნანახ სახეობებზე და მათ როლზე ეკოსისტემაში;
  • ნანახი სახეობების ფუნქციურჯგუფებად დაყოფა:

1.     ურთიერთკავშირების დადგენა ნანახ ცოცხალ ორგანიზმებს შორის  (მუტუალიზმი, მტაცებლობა, პარაზიტიზმი, კონკურენცია, ნეიტრალიზმი, კომენსალიზმი);

2.      კვებითი ურთიერთობები ნანახ სახეობებს შორის (კვებითი ჯაჭვები  და/ან ქსელები);

  • კონკრეტული ეკოსისტემის შენარჩუნების მნიშვნელობა გარემოს მდგრადობისა და ადამიანის ჯანმრთელობისთვის;
  • გამოყენებული ლიტერატურის ჩამონათვალი.


4.      ნაშრომი წარმოდგენილი უნდა იყოს ელექტრონული სახით (education@zoo.ge).



ნაშრომის პრეზენტაცია

 

(II ტური)

 


1.      პრეზენტაციისთვის განკუთვნილი დრო მკაცრად შეზღუდულია და შეადგენს 5-7 წუთს;

2.      პრეზენტაცია მომზადებული უნდა იყოს Power Point-ში ან რომელიმე მსგავს პროგრამაში (Google slides, Canva და სხვ.).



ნაშრომის შეფასების კრიტერიუმები

1.      რეფერატი: გაანალიზებულია არჩეული ტერიტორიის ეკოსისტემა, ნაშრომი მოიცავს ყველა ზემოთ ჩამოთვლილ ელემენტს (ნაშრომის წარდგენის პირობები: N3), ეს ელემენტები გამართულად და სწორადაა დაწერილი, გამოყენებული ლიტერატურა სანდოა. მაქსიმუმ 10 ქულა;

2.      პრეზენტაცია: მოხსენება ლაკონურია (5-7 წთ), კარგადაა გადმოცემული ნაშრომის არსი, მონაწილე ამომწურავად პასუხობს დასმულ შეკითხვებს, ნაშრომის პრეზენტაციისას გამოყენებულია ვიზუალური გადმოცემის სხვადასხვა ხერხი (სქემები, ფოტოები, ნახატები). მაქსიმუმ 5 ქულა.


 საორგანიზაციო ნაწილი


1.      საინფორმაციო  შეხვედრა კონფერენციის თემატიკასა და შესრულების დეტალების შესახებ გაიმართება 2024 წლის 19-დან  23 თებერვლამდე Zoom-ის პლატფორმის საშუალებით (ზუსტი თარიღები გამოქვეყნდება თბილისის ზოოპარკის Facebook გვერდზე); 

2.      რეგისტრაცია იწარმოებს 2024 წლის 1 მარტიდან 30 მარტამდე თბილისის ზოოპარკის Facebook გვერდზე მოცემული ბმულის საშუალებით. რეგისტრაციისას მითითებული უნდა იქნას მოსწავლის სახელი, გვარი, კლასი, სკოლა და საკონტაქტო ინფორმაცია;

3.      რეფერატების გამოგზავნის ბოლო ვადაა 5 მაისი (education@zoo.ge); 

4.      13 მაისს თბილისის ზოოპარკის Facebook გვერდზე გამოქვეყნდება II ტურში გადასულების სია და პრეზენტაციების წარდგენის განრიგი;

5.      კონფერენცია გაიმართება 2024 წლის 22-24 მაისს თბილისის ზოოპარკის საგანამანათლებლო ცენტრში;

6.      დაჯილდოება გაიმართება 1 ივნისს 14:00 საათზე.


II ტურში გადასული მოსწავლეების ნაშრომების პრეზენტაციის განრიგი



22 მაისი, 14:00 საათი: V-VI კლასის მოსწავლეები.

23 მაისი, 14:00 საათი: VII-VIII კლასის მოსწავლეები.

24 მაისი, 14:00 საათი: IX-XII კლასის მოსწავლეები.



გამარჯვებულთა დაჯილდოების ცერემონია გაიმართება 1 ივნისს, 14:00 საათზე.

 

კონფერენციის II ტურში გადასულ მონაწილეებს გადაეცემათ სიგელი ღონისძიებაში მონაწილეობისათვის, ხოლო  გამარჯვებულები დაჯილდოვდებიან I, II და III ხარისხის დიპლომებითა და ფასიანი საჩუქრებით. 


დიპლომები გადაეცემათ გამარჯვებული მოსწავლეების პედაგოგებსაც.



გისურვებთ წარმატებას!

 


დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ თბილისის ზოოპარკის ბავშვთა საგანმანათლებლო ცენტრს.


ტელ.: 595 90 67 90 

ელფოსტა: education@zoo.ge


კონფერენციაზე დასარეგისტრირებლად ეწვიეთ მოცემულ ბმულს:

https://forms.gle/jHe8GuaxgqJuQXDc8