გარემოს გამრავალფეროვნების ტრენინგი თბილისის ზოოპარკში
29/11/2012
თბილისის ზოოპარკმა 19-დან 22 ნოემბრის ჩათვლით უმასპინძლა საერთაშორისო ტრენინგს The Shape of Enrichment, რომელიც ცხოველთა მოვლისა და მათი გარემოს გაუმჯობესების საკითხებს ეხებოდა. ტრენინგი თბილისის ზოოპარკის ინიციატივით და ევროპის ზოოპარკებისა და აკვარიუმების ასოციაციის (EAZA) მხარდაჭერით ჩატარდა. 

მსგავს ტრენინგებს უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება მსოფლიოს თანამედროვე ზოოპარკებში. ეს კურსი ზოოპარკის თანამშრომლებისთვისაა განკუთვნილი და მისი მიზანი ზოოპარკის ბინადარი ცხოველების საცხოვრებელი გარემოს გამრავალფეროვნების ხერხების სწავლებაა. „ენრიჩმენტის“ მეშვეობით საგრძნობლად უმჯობესდება ცხოველთა საბინადრო არეალი, შესაძლებელი ხდება ცხოველებში სტერეოტიპული ქცევების, სტერესისა და სხვადასხვა საშიში დაავადებების განვითარების საფრთხის თავიდან აცილება. ტრენინგს ქართველი მონაწილეების გარდა სომხეთისა და ბელორუსიის ზოოპარკების თანამშრომლებიც ესწრებოდნენ.
 
თბილისის ზოოპარკში ცხოველთა გარემოს გასამრავალფეროვნებელი აქტივობები აქამდეც სისტემატურად ხორციელდებოდა. ამ ტრენინგის დახმარებით კიდევ უფრო დიდი ცოდნისა და საჭირო რეკომენდაციების მიღება გახდა შესაძლებელი. 
 
კურსს უძღვებოდნენ ვალერი ჰერე და ემილია ლასტიკა. ვალერი ცხოველთა გარემოს გამრავალფეროვნების მიმართულების ერთ-ერთ ფუძემდებლად ითვლება და სწორედ მისი დაარსებულია პროექტი The Shape of Enrichment. ვალერის ამ პროექტის ფარგლებში მსოფლიოს ათეულობით ზოოპარკში აქვს ჩატარებული ანალოგიური ტრენინგები. 

ემილია ლასტიკა ფილიპინების ვეტერინარული უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი და ფილიპინების ზოოპარკების მომვლელთა ასოციაციის პრეზიდენტია. მას პროფესიონალ ვეტერინართა საზოგადოებისგან მინიჭებული აქვს „გარეულ ცხოველებთან მომუშავე საუკეთესო პროფესიონალი ვეტერინარის“ ჯილდო.