საქართველოს წითელი ნუსხა


საქართველოს წითელი წიგნი პირველად 1982 წელს გამოიცა და მისი გამოცემის აუცილებლობა იმ სახეობების სხვადასხვა კატეგორიებად კლასიფიკაციისათვის გახდა საჭირო, რომელთა რიცხვიც ამა თუ იმ მიზეზის გამო რეგიონში მცირდებოდა. ამ დროისთვის არ იყო შემუშავებული კლასიფიკაციის საერთაშორისო სტანდარტები და საქართველოს წითელ წიგნში მოყვანილი სახეობებისათვის კატეგორიების მინიჭება სუბიექტური კრიტერიუმებით ხდებოდა. 

1982 წლის „საქართვლოს წითელ წიგნში“ შეყვანილ იქნა ძუძუმწოვრების 21, ფრინველების 33, რეპტილიების 6, ამფიბიების 4 და თევზების 1 სახეობა. 



გამოყენების თითქმის 30 წლის განმავლობაში არსებული კრიტერიუმები მოძველდა და მრავალჯერ გადაისინჯა. ცხადი გახდა, რომ აუცილებელი იყო  საფრთხის ქვეშ მყოფი სახეობებისთვის საერთაშორისო კრიტერიუმების შემუშავება და მათი სხვადასხვა კატეგორიებად დაყოფა. ამის აუცილებლობას განსაზღვრავდა გადაშენების საფრთხის ქვეშ მყოფი სახეობების აღნუსხვისა და დაცვითი ღონისძიებების ჩატარების საჭიროება. 

1994 წელს ბუნების დაცვის საერთაშორისო კავშირის (IUCN) საბჭომ მიიღო წითელი ნუსხის ახალი სისტემა და ახალი კრიტერიუმები, რომელთა გამოყებენაც ძალიან ფართოდ დაიწყეს სხვადასხვა სამთავრობო თუ არა სამთავრობო ორგანიზაციებმა. ამგვარმა ფართო და მრავალჯერადმა გამოყენებამ ცხადყო ზოგიერთი ცვლილებების შეტანის აუცილებლობაც და მსოფლიო კონსერვაციის კონგრესმა, 1996 წელს, სახეობათა გადარჩენის კომისიას მიანიჭა უფლებამოსილება განეხორციელებინა სისტემის გადასინჯვა. საბოლოოდ შემოღებული იქნა განახლებული სისტემა რომლის მიხედვითაც სახეობებს მიენიჭათ შემდეგი კატეგორიები:

EX – გადაშენებული

EW – ბუნებაში გადაშენებული

CR – კრიტიკულ საფრთხეში მყოფი

EN – საფრთხეში მყოფი

VU – მოწყვლადი

NT – საფრთხესთან ახლოს მყოფი

LC – საჭიროებს ზრუნვას

DD – არასრული მონაცემები

NE – არ არის შეფასებული


2005 წელს სწორედ ამ სისტემის მიხედვით მოხდა - „საქართველოს წითელი ნუსხის“ შემუშავებაც, რომელიც  2006 წელს დამტკიცდა. საერთაშორისო წითელი ნუსხის კატეგორიებისგან განსხვავებით, ამ შემთხვევაში ამა თუ იმ კატეგორიას ემატება სიტყვა „რეგიონული“. რაც ნიშნავს, რომ ეს სახეობა გადაშენებულია კონკრეტულ რეგიონში და არა მთელი მსოფლიოს მასშტაბით. 

წითელ ნუსხაზე მუშაობა მუდმივად მიმდინარეობს, ვინაიდან დროთა განმავლობაში სახეობათა მდგომარეობა იცვლება და წითელი ნუსხაც საჭიროებს ცვლილებების შეტანას.

*გთხოვთ გაითვალისწინოთ რომ ეს სია შესაძლოა არ შეესაბამებოდეს უახლეს მონაცემებს.

IUCN მსოფლიოს პირველი გლობალური გარემოს დაცვითი ორგანიზაციაა.  ის 1948 წელს დაარსდა  და ამჟამად მასში  1200 ორგანიზაციაა გაერთიანებული, რომლითაც მსოფლიოს უდიდეს კონსერვაციულ ქსელს ქმნის. IUCN-ის მთავარ მიზანს მსიოფლიო ბიომრავალფეროვნების შენარჩუნება წარმოადგენს.

IUCN-ის წითელი ნუსხა