საგანმანათლებლო ცენტრი
თბილისის ზოოპარკში 2006 წლიდან ფუნქციონირებს საგანმანათლებლო ცენტრი, რომლის მიზანია მოზარდებში გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლება და მათი ეკოლოგიური განათლება, მოსახლეობის ინფორმირება და ჩართვა ბიომრავალფეროვნების შენარჩუნების პროცესში, ადამიანსა და ცოცხალ ბუნებას შორის ჰარმონიული თანაარსებობის ჩამოყალიბება, ზოოპარკის პოპულარიზაცია.
ამ მიზნების მისაღწევად საგანმანათლებლო ცენტრი რამდენიმე მიმართულებით მუშაობს:
ცენტრში ბავშვებისა და მოზარდების სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფებისთვის შექმნილია საგანმანათლებლო წრე, სადაც ინტერაქტიულ გაკვეთილებზე მოსწავლეები ეცნობიან ზოოპარკის ბინადრებს, აკვირდებიან მათი კვებისა და მოვლის პროცესს, მსჯელობენ გარემოსდაცვით საკითხებზე, აწყობენ დისკუსიებს, მონაწილეობენ ცხოველების გარემოს გამდიდრებაში. პატარები ხატავენ, აკეთებენ აპლიკაციებს, ეკოლოგიური თამაშები ეხმარება მათ მიწოდებული მასალის ათვისებაში. წრის მოსწავლეებისთვის ეწყობა ექსკურსიები დაცულ ტერიტორიებზე, საახალწლოდ იმართება სხვადასხვა ღონისძიება – სპექტაკლები, სახალისო ვიქტორინები და სხვა.
სკოლებისა და ბაღების მოსწავლეებისა და შშმ მოზარდებისთვის საგანმანათლებლო ცენტრში შემუშავებულია სხვადასხვა თემატიკის საექსკურსიო პროგრამები საერთო სახელწოდებით „ზოოპარკი – დამატებითი საგანმანათლებლო რესურსი“.

ყოველწლიურად, მაისში თბილისის ზოოპარკის საგანმანათლებლო ცენტრი მასპინძლობს მოსწავლეთა სამეცნიერო კონფერენციას „ადამიანი და ცხოველთა სამყარო“, რომელიც მსოფლიო ბიომრავალფეროვნების დღეს ეძღვნება.
ცენტრში სისტემატურად ეწყობა თემატური შეხვედრები, ლექციები და ტრენინგები დამთვალიერებლებისთვის, სკოლებისა და ბაღების პედაგოგებისთვის.
საკონტაქტო ინფორმაცია
მის.: თბილისის ზოოპარკი, მ. კოსტავას ქ. #64
ტელ.: (+995 32) 2131088
მობ.: (+995) 595 906790
ელფოსტა: education@zoo.ge