სიახლეები
იტალიელი მეცნიერები თბილისის ზოოპარკში
თბილისის ზოოპარკს იტალიელი მეცნიერები, მთის ჩლიქოსნების საუკეთესო სპეციალისტები, სანდრო ლოვარი (ქცევითი ეკოლოგია, ეთოლოგია, ბუნების მენეჯმენტის ფაკულტეტი, სიცოცხლის შემსწავლელ მეცნიერებათა დეპარტამენტი, სიენას უნივერსიტეტი) და ლუკა როსი (ვეტერინარულ მეცნიერებათა სრული პროფესორი, ტურინის უნივერსიტეტი) ესტუმრნენ. საქმე ის გახლავთ, რომ თბილისის ზოოპარკი გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოებასთან ერთად (GIZ) კეთილშობილი ირმის აღდგენის პროგრამას ახორციელებს. აღდგენის პროგრამა მოიცავს კონსერვაციის გეგმის შემუშავებას, ირმის ტყვეობაში გამრავლებასა და საბოლოოდ მის რეინტროდუქციას (ხელახლა გაშვება) ბუნებრივ საცხოვრებელ გარემოში. სწორედ ამ მეცნიერების რჩევებითა და რეკომენდაციებით განხორციელდება კეთილშობილი ირმის აღდგენის უმნიშვნელოვანესი პროექტი საქართველოში.

კავკასიური კეთილშობილი ირემი (Cervus elaphus maral) საქართველოში გავრცელებული ჩლიქოსნებიდან ერთ-ერთი ყველაზე მცირერიცხოვანი სახეობაა. იგი გადაშენების პირასაა და საქართველოს წითელი ნუსხის მიხედვით კრიტიკული საფრთხის წინაშე იმყოფება (CR). XX საუკუნის პირველ ნახევარში ირემი საქართველოს ტერიტორიაზე ფართოდ იყო გავრცელებული. 80-იან წლებში ირემი ჯერ კიდევ შენარჩუნებული იყო დაცული ტერიტორიების გარკვეულ ნაწილში, კერძოდ ლაგოდეხის, ბორჯომის, ახმეტის (თუშეთის), საგურამოს, ლიახვისა და რიწის ნაკრძალებში. მათ შორის ყველაზე მრავალრიცხოვანი იყო ლაგოდეხისა (1990 წელს 1400) და ბორჯომის ნაკრძალების (1990 წელს დაახლოებით 400) პოპულაცია. მასობრივი ბრაკონიერობის შედეგად 90-იანი წლების ბოლოსთვის ირმის პოპულაციამ მკვეთრი კლება დაიწყო და ლაგოდეხში რაოდენობა 80-მდე, ხოლო ბორჯომში 40 ინდივიდამდე დაეცა. გარდაბანში აღირიცხებიდა დაახლოებით 15 ინდივიდი, საგურამოსა და თუშეთში ირემი აღარ ფიქსირდებოდა. კონფლიქტურ ზონაში მდებარეობის გამო ლიახვისა (სამაჩაბლო) და რიწის (აფახაზეთი) პოპულაციების ბედი უცნობია. XXI საუკუნის დასაწყისისათვის ირმის პოპულაციამ კვლავ მატება დაიწყო და 2012-2013 წლების აღრიცხვების მიხედვით საქართველოში მობინადრე ირმის პოპულაციამ 2012 წელს 500 და 2013 წელს 800 ინდივიდი შეადგინა. 2013 წელს დაფიქსირებული ზრდის ტენდეციის მიუხედავად, ირმის პოპულაცია მაინც უკიდურესი საფრთხის წინაშე დგას. შეიძლება ითქვას, რომ საქართველოში დღეისთვის გვაქვს ირმის მხოლოდ ორი პოპულაცია: ლაგოდეხის, რომელიც წარმოდგენს დიდი კავკასიონის მეტაპოპულაციის (მეტაპოპულაცია, ეს არის რამდენიმე პოპულაციის გაერთიანება, რომელიც ერთმანეთისგან გამოყოფილია სივრცით, თუმცა ინდივიდები თავისუფლად გადაადგილდებიან ერთი პოპულაციიდან მეორეში) ნაწილს და ესაზღვრება ზაქათალის (აზერბაიჯანი) და ტლიარატას (დაღესტანი, რუსეთი) პოპულაციებს, საიდანაც შესაძლებელია იმიგრაცია. მეორე პოპულაციაა ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის, რომელიც გეოგრაფიულად იზოლირებულია და როგორც ჩანს, ჩაკეტილ პოპულაციას წარმოადგენს. გარდა ამ პოპულაციებისა, მცირე რაოდენობით ირემი დაფიქსირებულია გარდაბნის აღკვეთილში, ასევე აღნიშნულია ერთეული ინდივიდების შემოსვლა თუშეთსა და ხევსურეთში. ყოველივე ზემოთქმულის გათვალისწინებით, ირმის პოპულაციის აღდგენა მის ისტორიულ არეალში ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ამოცანას წარმოადგენს საქართველოში.