სიახლეები
თბილისის ზოოპარკმა მუშაობა 13 სექტემბერს განაახლა
13 ივნისის სტიქიიდან ზუსტად 3 თვის შემდეგ თბილისის ზოოპარკმა ფუნქციონირება 13 სექტემბერს განაახლა. პირველი დამთვალიერებელი, პატარა ანა ქემხიშვილი მამასთან, გიორგი ქემხიშვილთან ერთად ზოოპარკს 10:00 საათზე ესტუმრა. მათთვის ზოოპარკში შესვლა, სიმბოლურად, უფასო იყო.

ზოოპარკის გახსნას თბილისის მერი დავით ნარმანია შვილთან ერთად დაესწრო.

3 თვის განმავლობაში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების შედეგად მოწესრიგდა ზოოპარკის ზედა ნაწილი. შეკეთდა დაზიანებული ვოლიერები, ხელახლა დაიგო ასფალტის საფარი, გაკეთდა ღობე. ვიზიტორებს ტერიტორიის მხოლოდ ამ მონაკვეთის დათვალიერების შესაძლებლობა აქვთ. სტიქიის შედეგად მთლიანად განადგურებული ქვედა ტერიტორიის აღდგენა და აღნიშნულ ადგილზე ახალი ვოლიერების მშენებლობა ჯერჯერობით არ იგეგმება.

თბილისის ზოოპარკის გადატანის პროექტი თბილისის ზღვის მიმდებარედ, დენდროლოგიური პარკის ტერიტორიაზე უკვე დამტკიცებულია, თუმცა იმ რამდენიმე წლის განმავლობაში, რაც ახალი ზოოპარკის აშენებისთვის იქნება საჭირო, ზოოპარკი ფუნქციონირებას ძველ მისამართზე განაგრძობს.